ქართული მხარის მოთხოვნით, სტამბოლის ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი აფხაზეთის დროშები აიღეს

თურქეთში, სტამბოლის ტურისტულ გამოფენაზე დე-ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო დროშები გამოიფინა. როგორც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა, სტამბოლის ტურისტულ გამოფენაზე აფხაზეთი არ იყო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით წარდგენილი და აფხაზური დროშები კერძო თურქული კომპანიის ინიციატივით გამოიფინა. თუმცა, მისივე განმარტებით, ქართული მხარის მოთხოვნის შემდეგ გამოფენის ორგანიზატორებმა დროშები აიღეს.

"მე ადგილზეც ვიმყოფებოდი და ვნახე, რომ აფხაზეთი გამოფენაზე არ იყო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი. დე ფაქტო აფხაზეთის დროშები, კომპანიებისთვის განკუთვნილ დარბაზში, კერძო თურქულ კომპანიას თავის მაგიდებზე ჰქონდა განლაგებული. ორგანიზატორებმა ჩემი მოთხოვნის შემდეგ კერძო კომპანიას დროშები ააღებინეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შევატყობინეთ სტამბოლის მერიას და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

საქართველოს გენერალური კონსულის განმარტებით, ქართულმა მხარემ გამოფენის დაწყებამდე მიმართა ორგანიზატორებს, არ დაეშვათ იგივე შეცდომა, რაც შარშან, როდესაც აფხაზეთი გამოფენაზე დამოუკიდებელ ქვეყნად იყო წარდგენილი.