საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოების საკითხებზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში იმსჯელეს

საქართველოში სამომავლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოების საკითხებზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში იმსჯელეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ევროკომისიასთან არსებული ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) პროგრამის ფარგლებში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სემინარი გაიმართა, რომელსაც ვარშავის ტრანსპორტის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ერჟი კოვნაცკი და ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ტექნიკური დათვალიერებების დეპარტამენტის დირექტორი იუსტას რაშომავიჩუსი უძღვებოდნენ.

სემინარს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, სემინარზე განიხილეს საკითხები, რომელიც საშუალებას მისცემს მწარმოებლებს, სამომავლოდ საქართველოში აწარმოონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისათვის.

"სემინარზე მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის გამოცდილება სატრანსპორტო საშუალებების მოწყობილობებისა და ნაწილების ტიპის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენტური სახელმწიფო ორგანიზაციების განსაზღვრას და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობაში ამ შეთანხმების დანართების (ე.წ. "გაეროს 140 წესი") ეტაპობრივ ასახვას, აღნიშნული წესების მოთხოვნების უზრუნველმყოფი რგოლების განსაზღვრას, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ქვეყანაში არსებული საწარმოების (ქარხნების) კოდიფიცირებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საერთაშორისო წარმოების (VIN) კოდის მინიჭებას", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.