თამაზ მეჭიაური - მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან მოვისმინე, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ

მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ და მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რომლის კომიტეტის ფარგლებშიც ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან ლარის კურსის თემაზე დახურული შეხვედრა გაიმართა. მეჭიაურის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა იყო ნაყოფიერი, სადაც ყველა მხარემ საკუთარი ხედვები წარადგინა.

"აქ მხედველობაში მაქვს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე პარლამენტარები როგორც სახელისუფლებო გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან. ყველამ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ასეთ ფორმატში ნაყოფიერია. გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები მომავალში კიდევ გაგრძელდეს, რასაც ჩვენ დავთანხმდით. ალბათ რაღაც პერიოდულობით გადავწყვეტთ, რამდენ ხანში იქნება საკითხის განხილვა. დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ მთავრობა - სამინისტროების სახით და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ და მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებენ, რაც კიდევ უფრო მეტად აისახება იმ შედეგში, რა შედეგიც მოსახლეობას აინტერესებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში შეჩერდეს ლარის კურსის ვარდნა და დაიწყოს მისი გამყარება, რის ტენდენციებსაც, მათ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ დაისვა შეკითხვები დახურულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის მისამართით, მეჭიაურმა განმარტა, რომ "ისინი გამოცდის ჩასაბარებლად არ მიუწვევია".

"მოვისმინე ყველა უწყებიდან ინფორმაცია, რამდენად არიან ისინი მზად, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ყოველდღიურად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმებით, რომელიც დადებითად აისახება ლარის კურსზე. ურთიერთგადაბრალებების მიზანი არ გვქონია. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ გაიგოს, რომ ყველა უწყება, მათ შორის ეროვნული ბანკი, მომართულია იმისათვის, რომ ლარის კურსი იყოს რაც შეიძლება მყარი და მოსახლეობა ყოველდღიურად თუ არა, გარკვეული პერიოდულობით ინფორმირებული იყოს იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. მე ორივე მხარისგან - მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან მოვისმინე, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. არ მინდა, მათ ამ მზადყოფნაში ეჭვი შევიტანო. მომავალი გვაჩვენებს და ეს ყველაფერი შედეგში აისახება. თუ შევხედავთ, რომ ეს საკმარისი არ არის, მომდევნო შეხვედრებზე შეიძლება უფრო სხვა სახის მსჯელობა გვქონდეს, მაგრამ დღესდღეობით არ მაქვს საფუძველი, არ დავუჯერო მათ მზადყოფნას და იმედი არ გამოვთქვა, რომ მომავალში ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.