"მემარცხენე ალიანსი" მთის კანონს დისკრიმინაციულს უწოდებს

"მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსიდან" bpn-ს აცნობეს, პაატა ჯიბლაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისკენ მოუწოდა. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მთის კანონი არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური, რადგან სხვადასხვა რეგიონის სოფლებს ეს სტატუსი ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით აქვთ მინიჭებული, რაც ცვლილებას საჭიროებს.

"პირველი იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა "მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ საგადასახადო შეღავათებს, რაც იმედია გახდება საწინდარი იმისა, რომ ამ რეგიონებში ჩაიდება ინვესტიციები, გავრცელდება სოციალური შეღავათები, რითაც შეჩერდება მთის დაცლის პროცესი და ამავე დროს იგი იქნება სტიმული ბარში ჩამოსული მოსახლეობისათვის მშობლიურ, მიტოვებულ სახლებში დასაბრუნებლად. კანონის შესაბამისად გამოქვეყნდა ჩამონათვალი იმ მაღალმთიანი სოფლების, სადაც ეს კანონი ამუშავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩინოვნიკების უყურადღებობის, არაკომპეტენტურობის თუ გამიზნული ქმედების შედეგად ამ სიის მიღმა დარჩნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები არღუნი, ზემო არანისი, გრემისხევი, საკრამული, ციხედავი, ჭილურტი, ზოტიკაანთკარი, ველთაურთკარი, მლაშე, ახატანი, რამაც იქ მცხოვრები ადამიანების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზემოთ დასახელებული სოფლების ნაწილს 1999 წლიდან მინიჭებული ჰქონდათ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაბამისი შეღავათებით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას, რათა ზემოთ დასახელებულ სოფლებზე უახლოეს პერიოდში გავრცელდეს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონის სოფლებს ეს სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით, რაც საჭიროებს ცვლილებას", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.