20 და 50-ლარიანი განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვიდა (+ ფოტო)

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა. როგორც ეროვნული ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წელს მოგვიანებით გავა, რომლის შესახებ ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებას წინასწარ მოახდენს. ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან. განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. როგორც სებ-ში აცხადებენ, 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება. ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად.

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე - www.ganakhlebulilari.ge.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე