მესხური ტერასების საიდუმლო

მესხეთში, საქართველოს უძველეს და ულამაზეს მხარეში, ადრე ვაზის მოშენებასა და ღვინის დაყენებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ, რასაც აღმოჩენილი ძველისძველი ქვევრები და მარნებიც ადასტურებს. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ამ ადგილების "მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპარს აიძულებდა, ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოვაკებულ ნიადაგებზე გაეშენებინა". სასიხარულოა, რომ ასპინძაში უძველეს მესხურ ტერასებს აღადგენენ. ამ კარგი საქმის თაოსანი გიორგი ნათენაძეა, რომელსაც მსხვილი ბიზნესმენები ამოუდგნენ მხარში. გიორგი­ ნათენაძე­ ჩვენი სტუმარია.

- ერთი წლის წინ მესხეთში ისტორიული ტერასების აღდგენა დავიწყეთ. 23 ჰექტარია აღსადგენი, 8 უკვე აღდგენილია. მესხური ტერასები თურქობის დროს განადგურდა და მოსახლეობამ ვაზი დაივიწყა. არადა, მესხეთში ტერასული მევენახეობა განვითარებული იყო. არაერთი­ ისტორიკოსის ჩანაწერში ვკითხულობთ­, რომ ამ მხარეში უზარმაზარი ვენახები იყო გაშენებული. ოსმალოთა ბატონობის დროს თუ ისლამს არ მიიღებდი, აქ ვერ იცხოვრებდი. ამიტომ ბევრი აიყარა და მთელ საქართველოში გაიფანტა. მესხური გვარებიც სწორედ ამიტომ არის ყველგან­ გავრცელებული, ბევრი ოჯახი გადასახლდა კახეთში, გურიაში, იმერეთში, აჭარაში. წავიდნენ, ვაზის ჯიშებიც თან წაიღეს­ და ასე გადაარჩინეს გადაშენებას. ადრე მესხეთში სხვადასხვა სახეობისა და ფერის­ ღვინოს წურავდნენ და უცხოეთშიც გაჰქონდათ.

- ტერასებს ხომ მცირემიწიანობის გამო აკეთებდნენ?

- დიახ, ჩვენს მხარეში ვაზის გასაშენებლად შესაფერისი მიწა ცოტა იყო და მოსახლეობას კლდოვანი ადგილების დატ­ერასება უხდებოდა. მესხეთში ასე იყო გაშენებული არა მარტო ვენახები, არამედ ხეხილის ბაღებიც. მოსახლეობის ნაწილი ამ ტერასებზე ცხოვრობდა და მეურნეობას მისდევდა. ძველისძველი ტერასების შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ იგი საუკეთესოა ვენა­ხების გასაშენებლად. მესხეთში არ იყო ცნობილი დაბლარი ვენახი, ძირითადად, მაღლარს აშენებდნენ. ვაზი ხეხილის ბაღ­ებშიც კი ხარობდა და ხეებზე ადიოდა. ერთი ასეთი ძირიდან 150-200 კგ ყურძენს კრეფდნენ.

ჩემს სოფელში - ჭაჭკარში შემორჩენილია ძველისძველი ვაზი, რომელიც დღესაც მსხმოიარეა და 150 კილოგრამ ყურძენს ვკრეფთ. ვარძიასაც ზურგს ეს ძლიერი სოფელი უმაგრებდა - საიდუმლო გვირაბით სწორედ ჩემი სოფლიდან მარაგდებოდა.

ხათუნა ჩიგოგიძე

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად