საქართველოს "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი" გაუარესდა

2016 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა.

Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელსაც ორგანიზაცია The Wall Street Journal-თან ერთად აქვეყნებს, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 72,6 ქულით 23-ე პოზიციას იკავებს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო 73 ქულით 22-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

2016 წლის ინდექსში საქართველო ევროპის რეგიონში მე-12 ადგილს იკავებს. ინდექსის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა.

„საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტის, ღია ბაზრებისა და მარეგულირებელი ეფექტურობის კუთხით. თუმცა, კვლავ შეშფოთებას იწვევს კანონის უზენაესობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

2016 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების მხრივ 10-დან 3 კომპონენტში - კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯები და ფისკალური თავისუფლება - გაუმჯობესდა; 3 კომპონენტში - ბიზნესის თავისუფლება, შრომითი თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება - გაუარესდა; ქულები უცვლელი დარჩა ოთხ კომპონენტში - საკუთრების უფლებები, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება.

ინდექსში პირველ სამეულში ჰონგ კონგი, სინგაპური და ახალი ზელანდია აღმოჩნდნენ, ბოლო საფეხურებს კი ვენესუელა, კუბა და ჩრდილოეთ კორეა იკავებენ. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი მიმდინარე წლის ინდექსში 153-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 162-ე, აზერბაიჯანი - 91-ე, ხოლო სომხეთი - 54-ე საფეხურს იკავებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე