სახელმწიფო რამდენიმე ქართული გამოგონების კომერციალიზაციას გეგმავს

გამოგონებას, რომლიც ქართულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იქნა მიგნებული, აქვს პოტენციალი, ბევრად სწრაფად, ადრეულ სტადიაზე დაადგინოს კიბო.

ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ კასრაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევისა და ინოვაციების საბჭოზე პრემიერ-მინისტრთან გაკეთებული პრეზენტაციის შემდეგ, 12 პროექტიდან ექვსი შეირჩა.

”პრემიერ-მინისტრის დავალებით ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების განხორციელების გეგმა და მექანიზმები შევიმუშავოთ, რათა ეს პროექტები შემდეგ სტადიაზე გადავიდეს და სახელმწიფომ ამის კომერციალიზაცია მოახდინოს. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, 12 პროექტი დავიდა 6 პროექტამდე, რომელიც არის პირველადი მნიშვნელობის და იძლევა შესაძლებლობას, სწრაფად მოხდეს საერთაშორისო დონეზე კომერციალიზაცია”, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე თქმით, ამ პროექტებს შორის არის გამოგონება კიბოს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოგონების კომერციალიზაციის პოტენციალი. ერთის მხრივ, ჯანმრთელობის კუთხით ძალიან სერიოზულ ეფექტს იძლევა, სწრაფად სვამს დიაგნოზს იმ სტადიაზე, რომელზეც დღეს არსებული ტექნოლოგიებით კიბო ვერ დგინდება. მარტო აშშ-ში ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარი იხარჯება მხოლოდ დიაგნოზის დადგენისთვის. წარმოვიდგინოთ ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამხელა ინდუსტრიაზე და თანხებზეა საუბარი”, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გაუსვა ხაზი, საწვავის ეკონომიურობას უზრუნველყოფს.

”ერთი საინტერესო გამოგონება ეხება ბენზინის გაწმენდის ტექნოლოგიას, რომელიც მანქანაში კონკრეტული მექანიზმის დამატებით მუშაობს. ის ბენზინს ოქტანობას უმატებს, წვის პროცენტულობა მცირდება და უფრო ეკონომიური ხდება ხარჯვა. ეს პროექტი ეკოლოგიურად მნიშვნელოვანიც არის. ჩინეთში, ინდოეთში, სინგაპურში, ეს პრობლემა მწვავედ დგას, რადგან მჭიდროდ დასახლებული პუნქტებია, ტრანსპორტი ძალიან აბინძურებს გარემოს და შესაძლებელია კვლევითმა ინსტიტუტმა უკვე წამოიწყოს შეკვეთების მიღება ჩინეთის, ინდოეთის, სინგაპურის მთვარობებისგან”.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მექანიზმის შექმნა, რომელიც ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების პროექტების კომერციალიზაციის სრულ პროცესს მოიცავს, ახლო მომავალში დასრულდება.

”მექანიზმის შექმნა, ჩვენი ვარაუდით, 2-3 თვეში დასრულდება და კონკრეტული სამართლებრივი ფორმა მიეცემა. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება პროექტები დაიწყოს. ზოგს სჭირდება უფრო დიდი დრო კომერციალიზაციის მიღწევამდე, ზოგს - ნაკლები. ეს დამოკიდებულია ტექნოლოგიების სირთულესა და მის შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი დაცული უნდა იყოს პატენტით არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საჭიროა მიღებულ იქნას საერთაშორისო პატენტი. არცერთი პროექტი არ არის მხოლოდ ლოკალური მასშტაბის, ამ პროექტებს სერიოზული განაცხადის შეტანა შეუძლია მსოფლიო მასშტაბით”, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

თამარ კორკოტაშვილი