ევროკავშირმა საქართველოს მიერ GSP+ რეჟიმის ფარგლებში გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა

ევროკავშირმა GSP+ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, იქედან გამომდინარე, რომ საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, აღნიშნული რეჟიმი (GSP+) საქართველოსთვის 2016 წლის ბოლოს გაუქმდება. (საქართველოსთვის GSP+ ძალაში დარჩა DCFTA-ის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში). მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა, რომელიც 1971 წლიდან მოქმედებს, მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის შემცირებაში, კარგი მმართველობის დანერგვასა და მდგრადი განვითარების კუთხით. ეს სისტემა აგრეთვე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მეტი შემოსავალი მიიღონ საერთაშორისო ვაჭრობიდან.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სპეციალური პრეფერენცია მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობისთვის (ე.წ. GSP+) უზრუნველყოფს სატარიფო ხაზების 66%-ზე მოსაკრებლის სრულ გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ეკონომიკური დივერსიფიკაციის და იმპორტის მოცულობის კუთხით. აღნიშნულის სანაცვლოდ, ბენეფიციარმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება. ევროკავშირმა ამ მიმართულებით დადებითად შეაფასა გაეროს კონვენციების შესაბამისად საქართველოს მიღწევები შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა; შრომითი უფლებები; გარემოს დაცვა; კარგი მმართველობა.