ჩინეთში წარმოება შემცირდა

ჩინეთში წარმოება შემცირდა. ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის ცნობით, ინდუსტრიული საქმიანობა ბოლო ექვსი თვის მანძილზე მცირდება და ბოლო მონაცემები 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია ინვესტორებს აშინებთ.

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანმა მონეტარულმა და ფისკალურმა წამახალისებელმა ფაქტორებმა 2015 წელს ჩინეთის სამრეწველო საქმიანობის შემცირების პროცესი მხოლოდ შეანელა“, - განაცხადა ექსპერტმა ენგუს ნიკოლსონმა.

რამდენიმე დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჩინეთის წარმოების კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

ჩინეთის ეკონომიკა 2015 წელს 6,9 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა 2014 წელს უფრო მაღალი, 7.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. შედეგად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ახლაა.