უკრაინიდან წამოსული მატარებელი, რომელიც საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, დანიშნულების ადგილზე ჩასვლას აგვიანებს

უკრაინიდან წამოსული პირველი მატარებელი, რომელიც საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლას აგვიანებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, მატარებელი ყახაზეთი-ჩინეთის საზღვარზე, სადგურ "დოსტიკზე" ჯერ არ გამოჩენილა. ყახაზეთის რკინიგზის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მატარებელი მათი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, კონკრეტულად სად, ვერ ასახელებენ.

მანამდე ყახაზეთის ქალაქ აქტაუს პორტის ადმინისტრაციაში განაცადეს, რომ მატარებელი ბაქოდან 22 იანვარს გაემგზავრა და აქტაუში გრაფიკის მიხედვით, 23 იანვარს ჩავიდა, თუმცა, საბოლოო დანიშნულების ადგილისთვის ჯერ არ მიუღწევია. მატარებელი უკრაინისა და პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ იზოვიდან დაიძრა და უკვე გაიარა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიები. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ყაზახეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ქალაქია.

აღნიშნულ მარშრუტს მატარებელი სატესტო რეჟიმში გადის, იმისთვის რომ მოხდეს მოსალოდნელი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და ყახაზეთი ტვირთის ტრანსპორტირებას რუსეთის გვერდის ავლით განახორციელებენ.