„თეთრი ქუდი“ ადგილობრივი წარმოების სოკოს რეალიზებას გეგმავს

ლარის გაუფასურების გამო სოკოს მწარმოებელი კომპანია შპს ,,თეთრი ქუდი” იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს და ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივ წარმოებაში გეგმავს.

როგორც ,,თეთრი ქუდის” დირექტორმა ვანო იოსელიანმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ბაზარზე სოკოს სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება კომპანიის მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოხერხდა. მისი თქმით, იმპორტზე უარის თქმა გრძელვადიან გეგმებში ისედაც განიხილებოდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ დააჩქარა.

კომპანია იმპორტირებული ნედლეულისა და მასალის ჩანაცვლებას აპირებს და გაზაფხულიდან მთლიანად ადგილობრივი წარმოების სოკოს რეალიზებას დაიწყებს.

,,ამ გადაწყვეტილებით პირველ რიგში, ავცდებით რთულ ლოგისტიკურ საკითხებს, ტრანსპორტირების ხარჯებსა და საბაჟო გადასახადს ამოვაგდებთ. იმპორტზე უარის თქმა ჩვენს გეგმებში ისედაც იყო, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ლარის გაუფასურებამ დაგვაჩქარებინა”, - აღნიშნა ვანო იოსელიანმა.

აქამდე კომპანია ნედლეულის იმპორტს ძირითადად, სომხეთიდან და ჰოლანდიიდან ეწეოდა. საწარმოში საწყის ეტაპზე მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

მას შემდეგ, რაც დასრულდება მუშაობა საერთაშორისო სერთიფიკატზე (ISO 22 000 და GLOBAL GET), კომპანია საქართველოში წარმოებულ პროდუქციას დუბაისა და ყატარში ექსპორტზე გაიტანს.

კომპანიაში ამჟამად 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

ქრისტინე გამთენაძე