აშშ-ი საქართველოს საზღვრის დაცვის მოდერნიზაციისთვის 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის დაცვის მოდერნიზაციისთვის 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოდერნიზების მიზნით, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმებებს მოეწერა ხელი.

შსს-ის ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების -"კასუმლოსა" და "ქედის" მშენებლობა დაიწყება, ასევე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დაკვირვების, თვალთვალისა და მონიტორინგის ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება.

შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა სასაზღვრო სექტორების კოშკურებით, ღამის ხედვისა და სითბური კამერებით აღჭურვა, სპეცავტოტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. 2017 წლის მარტამდე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი მთლიანად აღიჭურვება დაკვირვების სისტემებითა და ტექნიკური საშუალებებით. თებერვლიდან ასევე იგეგმება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყება, სადაც შესაძლებელი იქნება ინსტრუქტორების გადამზადება და სამომსახურეო ძაღლების გაწვრთვნა. ახალი კინოლოგიური ცენტრი თანამედროვე სტანდარტების ვოლიერებით, სანაშენე ბოქსებითა და საოპერაციოებით იქნება აღჭურვილი.