გიორგი ქადაგიძე - ეროვნულ ბანკს ლარის ახალი ბანკნოტების ბეჭდვა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ძველის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის ახალი ბანკნოტების ბეჭდვა ეროვნულ ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ძველი ნომინალის ბანკნოტების. ამის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის საცავში განუცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ლარის ახალი ბანკნოტები დაათვალიერებინა. ქადაგიძის თქმით, დღეს მიმოქცევაში გამოვიდა ახალი 20-ლარიანი და 50-ლარიანი ბანკნოტები, რამდენიმე თვეში გამოვა 100-ლარიანი ბანკნოტები, ხოლო სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ათლარიანები.

"ახალი ბანკნოტების გამოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო. პირველი, ისინი მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად და დროთა განმავლობაში ცვეთასთან ერთად ძველი ბანკნოტები ამოვა მიმოქცევიდან და მას სრულად ჩაანაცვლებს ახალი. ახალი ბანკნოტები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, როგორც დიზაინით, ასევე ტექნოლოგიურად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასზე დატანილია სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის ამოსაცნობი ნიშნები. ეს პროცესი არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მათი ბეჭდვა ეროვნულ ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე უჯდებოდა ძველი ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ლარის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი განახლება, რაც დაკავშირებულია დადებით მოლოდინებთან.

"ჩვენი ქვეყანა ევროპული საზომით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ძალიან ღარიბი ქვეყანა. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს ღირსეული ცხოვრების პირობები, მაგრამ მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას დავძლევთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.