კუს ტბის საბაგირო ფუნქციონირებას ივლისის ბოლოს დაიწყებს

კუს ტბის საბაგირო ფუნქციონირებას ივლისის ბოლოს დაიწყებს. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კუს ტბის საბაგიროს პროექტირება უკვე დასრულებულია.

"კუს ტბის საბაგირო აღდგება, ივლისის ბოლოს უკვე გვექნება გამართული საბაგირო და მოქალაქეებს შეეძლებათ სარგებლობა", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, ვიცე მერის ცნობით, დასრულებულია შვიდი მეტროსადგურის პროექტირებაც, რის შემდეგაც დედაქალაქში წელსვე ყველა მათგანი სრულად განახლდება და რეაბილიტირდება. აბაშიძის განმარტებით, მათ შორისაა მეტროსადგურები "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი", "სადგურის მოედანი". ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, უწყება ერთიანი ინტეგრირებული სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტზე მუშაობს. მანვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.