ევროპასა და არაბულ ქვეყნებში ქართულ კალმახზე მოთხოვნა გაიზარდა

სოფელ საღრაშენში, მდინარე ალგეთის პირას 4500 კვ.მ-ზე გაშენებული საკალმახე მეურნეობის წარმადობა მომავალი წლიდან 100 ტონამდე გაიზრდება.

როგორც ინდმეწარმე გიორგი ღარიბაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ევროპასა და არაბულ ქვეყნებში ქართულ კალმახზე მოთხოვნა გაზრდილია. ექსპორტზე გასვლამდე გიორგი ღარიბაშვილი საკუთარი მეურნეობის გაფართოებას და ძვირადღირებული სამაცივრე სისტემის გამართვას გეგმავს.

სამი წლის წინ დაწყებული საქმიანობა ინდმეწარმისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სარეალიზაციო ბაზარი დიდია და კალმახზე მოთხოვნაც ბოლო დროს გაზრდილია. რაც შეეხება ფასებს, გიორგი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ერთი კილოგრამის ფასი სეზონის მიხედვით, 9-დან 11 ლარამდე მერყეობს.

"საკმაოდ რთულია კალმახის მოვლა. არის სხვადასხვა სახის სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებები, რომელთა გამოკვლევა ჩვენთან არ ხდება, ლაბორატორიის არარსებობის გამო. სანამ პრაქტიკაში გამოვცდიდი, კალმახის 1/3, ზოგჯერ კი 1/4 მეხოცებოდა. დღეისათვის კი გამოსავლიანობა თითქმის 100%-იანია”, - აღნიშნავს ინდმეწარმე.

საკალმახე მეურნეობაში, სადაც ამჟამად 6 ადამიანია დასაქმებული, საერთო ჯამში 300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გიორგი ღარიბაშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

ქრისტინე გამთენაძე