Google-მა 780 მილიონი „ცუდი“ რეკლამა დაბლოკა

ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-მა გასულ წელს 780 მილიონი რეკლამა დაბლოკა, რომელთაც მომხმარებელი შეცდომაში შეყავდათ.

„გუგლის“ განცხადებით, 2014 წელთან შედარებით, აკრძალვა 2015 წელს 50%-ით მეტ რეკლამას შეეხო. დაბლოკილ რეკლამებს შორის ძირითადად გასახდომი აბების რეკლამები მოხვდა.

„ცუდმა რეკლამამ შესაძლოა, მთელი ონლაინ გამოცდილება დააზიანოს. ეს დიდი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ სერიოზულად ვუდგებით“, - აღნიშნეს კომპანიაში.

გარდა რეკლამისა, ინტერნეტ საძიებო გიგანტმა დაახლოებით 7 ათასი ვებგვერდი დახურა პირადი ინფორმაციის მოპოვების მცდელობისთვის, დროებით შეაჩერა 10 ათასი საიტი და 18 ათასი ანგარიში ყალბი საქონლის რეალიზაციისთვის, კერძო საკუთრების უფლების დარღვევისთვის კი 25 000 მობილური რეკლამა არ გაუშვა.

„გუგლის“ განცხადებით, წელს კომპანიის მთავარი ყურადღება ბოტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ იქნება მიმართული, რომლებიც ყალბი ტრაფიკის შექმნით მილიარდობით დოლარის შემოსავალს ართმევენ სარეკლამო ინდუსტრიას.