"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა" და "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა" და "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში" აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და კოორდინირებული მუშაობა ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად და შემდგომში ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების მიზნით მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ცენტრსა და ასოციაციას შორის.

"ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო ჯგუფი შეასრულებს მედიატორის როლს ცენტრსა და ბიზნეს სექტორს შორის, კოორდინაციას გაუწევს ცენტრის მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების შესახებ ბიზნეს სუბიექტების ინფორმირების პროცესს", - აცხადებენ ცენტრში.

შეხვედრის ფარგლებში "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილმა "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას" ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა. მან აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ცენტრის მიერ 2015 წელს განხორციელებული აქტივობებისა და 2016 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.