დავით უსუფაშვილის სურვილია, პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებამდე მოუსმინოს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სურვილია, პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს თანამდებობის დატოვებამდე მოუსმინოს, თუმცა "ამის გარანტიას ვერ იძლევა". როგორც შესაბამისი კითხვის პასუხად მედიის წარმომადგენლებს უსუფაშვილმა განუცხადა, პარლამენტმა ეროვნული ბანკის ანგარიში უნდა მოისმინოს, რაც ვინმეს სახელსა და გვარს არ უკავშირდება.

"ნოემბერში გიორგი ქადაგიძეს ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ იმ ხანებში არ იყო სასურველი ამ თემების წამოწევა, არა იმიტომ, რომ ქადაგიძეს რამე შიში და რიდი ჰქონდა პარლამენტის, ან პირიქით - პარლამენტს მისი, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე: საფინანსო სისტემა, საბანკო სისტემა, ვალუტის კურსი და ა.შ. მისი რჩევა იყო, რომ მოგვეცადა", – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ამის შემდეგ საუბარი იყო გიორგი ქადაგიძის დეკემბრის თვეში მოსვლაზე, თუმცა პროცესი მთავრობის ცვლილებამ შეაფერხა.

"დეკემბერში პარლამენტი ძალიან დაკავებული იყო და მისი მოსმენა ვერ შევძელით. ჩვენ ეროვნული ბანკის ანგარიშს მოვისმენთ მაშინ, როდესაც ორივე მხარე შევჯერდებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ბანკის ანგარიში. ეს არ უკავშირდება ვინმეს სახელს და გვარს, არამედ იმას, როდის მოხდება ამ საკითხის განხილვა. თებერვლის პირველ კვირაში პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ, შემდეგ კიდევ გვაქვს ერთი კვირა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ სანამ ქადაგიძე ეროვნულ ბანკს დატოვებს, მანამდე მოვუსმინოთ, თუმცა ამის გარანტიას ვერ მოგცემთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენისა და მოსმენის ვადებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს. ეს კი, რეგლამენტის მიხედვით, გასული წლის საგაზაფხულო სესიის ბოლოს უნდა მომხდარიყო.