BP-ის ზარალმა 6 მილიარდზე მეტი შეადგინა

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, 2015 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP მილიარდობით დოლარით დაზარალდა.

კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს  BP-ის ზარალმა 6,48 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წელს კომპანიის სუფთა მოგება 3,78 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

როგორც BP-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ დადლიმ განაცხადა, კომპანიის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ახალ პირობებთან ადაპტირების მიზნით.

გასულ თვეს BP-ში განაცხადეს, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში 4 000-ზე მეტი თანამშრომლის შემცირება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ნავთობის ფასის დაცემითაა გამოწვეული. შემცირებები შეეხება აზერბაიჯანში მომუშავე პერსონალსაც. საერთო ჯამში, ბრიტანული კომპანია 24 ათასი თანამშრომლის 20 ათასამდე შემცირებას გეგმავს მსოფლიო მასშტაბით.