თბილისსა და წყნეთში ხილ-ბოსტნეულის სახლში მიტანის სერვისი ამუშავდა

“მწვანე ბაზარი“ თბილისსა და წყნეთში მცხოვრებ მომხმარებელს ნატურალურ, გლეხებისგან მიღებულ ხილსა და ბოსტნეულს ადგილზე მიაწვდის.

„ეს არის ნატურალური პროდუქცია, რომელსაც გლეხებისგან ვიღებთ. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ეს სერვისი დანერგა და ვფიქრობთ, მოსახლეობისთვის ეს კარგია”, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შპს „მწვანე ბაზრის“ დირექტორმა პაატა იოსავამ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციაზე ფასების დაწევასაც არ გამორიცხავს.

”ძალიან მალე, შესაძლოა, ბაზრის ფასებზე დაბალ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს პროდუქტი”, - აღნიშნა პაატა იოსავამ.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით 25 ლარის ღირებულების, წყნეთში კი 35 ლარის ღირებულების შენაძენზე მიტანის სერვისი უფასოა.

შპს ”მწვანე ბაზარი” 2015 წლის აპრილში დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 5 თანამშრომელია დასაქმებული. მომავალში კომპანია გაფართოებას გეგმავს:

”გვინდა მთელ საქართველოს მივაწოდოთ ეს სერვისი. თუმცა ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როდის შევძლებთ ამას”, - აღნიშნა შპს "მწვანე ბაზრის" დირექტორმა.

თამარ კორკოტაშვილი