თოდუას კლინიკის ბაზაზე ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნება

თოდუას კლინიკის ბაზაზე ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნება. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი კორპუსი აშენდება, სადაც ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი განთავსდება. კორპუსის მშენებლობა დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაათვალიერა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამშენებლო არეალზე შთამბეჭდავი მასშტაბის ინსტალაცია მიმდინარეობს.

"ონკოლოგიაში მკურნალობის სამი მთავარი მიმართულებაა, ესენია რადიაციული თერაპია, ქირურგიული თერაპია და ქიმიოთერაპია. ამ კლინიკაში სამივე მიმათულებით მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ახალი დანერგილი ტექნოლოგიები, ძირითადად, მიმართულია ზუსტი დიაგნოსტიკისკენ და რადიაციული თერაპიის დახვეწილი და მინიმალურად დამაზიანებელი მკურნალობის მეთოდებისკენ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკას წარმატებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მენეჯმენტი "მართლაც გამორჩეულია". აქვე დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა, რომ მათ საყოველათაო ჯანდაცვამ მეტი შესაძლებლობა მისცა პროექტების განსავითარებლად. კლინიკის დამფუძნებლის, ფრიდონ თოდუას ინფორმაციით, ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის მშენებლობა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, მაისი-ივნისის თვეში დასრულდება. ივლისის თვეში კი აპარატურის მონტაჟი დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი აღიჭურვება ორი გამა-კამერით, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფით, სხივური თერაპიის კიდევ ერთი, ბოლო თაობის ამაჩქარებლითა და ბრაქითერაპიის აპარატით. როგორც უწყებაში აცხადებენ, დეპარტემენტის ამოქმედების შედეგად, პაციენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას საქართველოში მიიღებენ და ამისთვის, საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდებათ.