Google-ის მფლობელი კომპანიის მოგებამ Apple-ს გადაუსწრო

კომპანია Alphabet, რომელიც რამდენიმე თვის უკან „გუგლის“ მფლობელი გახდა, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, „ალფაბეტის“ მოგებამ 2015 წლის მეოთხე კვარტალში 4,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულება ახლა 568 მილიარდი დოლარია. ამ მაჩვენებლით „ალფაბეტმა“ უკან ჩამოიტოვა Apple, რომლის ღირებულება ბოლო მონაცემებით, 535 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ინფორმაციის გავრცელებს შემდეგ, „ალფაბეტის“ აქციების ღირებულება 9 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან ერთად, Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის წოდება შეინარჩუნა. Brand Finance-ის მიერ ჩატარებული საბაზრო კვლევის მიხედვით, „ეფლის“ ღირებულება 2016 წელს 13,7 პროცენტით გაიზარდა. კომპანიის წარმატება iPhone6-ის და iPhone 6S-ის გაყიდვებმა განაპირობა.