კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPereg ქსელის ექსპერტთა ჯგუფებს უმასპინძლებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPereg ქსელის ექსპერტთა ჯგუფებს უმასპინძლებს. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომისია ორი დღის განმავლობაში EaPereg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების პირველ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს.

კომისიის ინფორმაციით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროკავშირის (გერმანია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი) ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. ჯგუფებში იმუშავებენ, ასევე, მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს ექსპერტები.

კომისიის განცხადებით, თბილისის შეხვედრის მიზანია ჯგუფების სამუშაო გეგმისა და ფორმატის შემუშავება და დამტკიცება; ევროპის ექსპერტთა ჯგუფების გამოცდილების გაზიარება; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის განხილვა და სხვა.

ამ მიზნით გამართულ შეხვედრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და ამავე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე გახსნიან.

როგორც კომისიაში აცხადებენ, სიხშირული სპექტრისა და ბენჩმარკინგის (შედარებითი ანალიზის) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები 2015 წლის 5 ნოემბერს EaPereg ქსელის პლენარულ სესიაზე კომისიის ინიციატივით შეიქმნა.

კომისიის განცხადებით, სიხშირული სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარეა გერმანიის მარეგულირებელი სააგენტო, ელმარ ცილესის (მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომან ქურდაძის (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან ასევე არიან: სერგო შავგულიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი) და ნოდარ ასპანიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი). სერგო შავგულიძე გააკეთებს მოხსენებას თემაზე "IMT სისტემების მომავალი".

ცენტრის ინფორმაციით, ბენჩმარკინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (BEWG) თავმჯდომარეა მოლდოვას ეროვნული მარეგულირებელი სააგენტო, რომან ბაჰნარუს (მარეგულირებელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - რუმინეთის მარეგულირებელი ორგანო, ბოგდან ვასილესკუს (ეკონომიკური რეგულირების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების უფროსი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან ასევე არიან: დავით გოგიჩაიშვილი (კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) და რატი სხირტლაძე (ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი), რომელიც მონაცემთა შეგროვების საკითხზე მოხსენებით გამოვა.

პასუხისმგებელი ჯგუფების ორგანიზაციულ საკითხებზე, შესაბამის ევროპულ ჯგუფებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაციის ჩათვლით, არის მზია გოგილაშვილი (სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).