არჩილ ხაბაძე ბულვარის დირექტორის მოხსნასა და ბულვარის მერიისთვის გადაცემის საკითხზე განმარტებებს აკეთებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოხსნაზე და ბულვარის მერიისთვის გადაცემის საკითხზე განმარტებებს აკეთებს. ორივე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბულვართან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან რამდენიმე მოთხოვნა იყო, მათ შორის, მესამე სასეირნო ზოლის აღდგენა და ბულვარის მერიისთვის გადაცემა. არჩილ ხაბაძის განმარტებით, საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბულვარის დირექტორსა და მენეჯერული რგოლის წევრებს სამსახურიდან ერთი კვირის ვადაში გაათავისუფლებს, ხოლო ახალი მენეჯმენტის დასანიშნად კანდიდატურებს ბათუმის მერიისგან მიიღებს.

"მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა საინიციატივო ჯგუფის განცხადება. პეტიციის თაობაზე, რომელსაც ხელს აწერდა საზოგადოება და ითხოვდა სამივე ბილიკის შენარჩუნებას. გადაწყდა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ერთი კვირის ვადაში დადებს რეკომენდაციას. კომისია დაკომპლექტდება მთავრობის რამდენიმე სამსახურის, საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. აქედან გამომდინარე, ბულვარის დირექტორსა და მოადგილეებს გავათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან. მერიასა და საკრებულოს ვთავაზობთ, წარმოადგინონ მენეჯერები ამ თანამდებობებზე დასანიშნად", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მისივე განმარტებით, 2016 წელი ბულვარის მართვასთან დაკავშირებით იქნება გარდამავალი პერიოდი, 2017 წლიდან კი მერიამ უნდა გამონახოს ფინანსური რესურსები და ბიუჯეტის ფორმირების დროს გაითვალისწინოს ბულვარის მოვლის ხარჯები.

"11 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილია მთავრობიდან, ჩვეულებრივ დაიხარჯება ბულვარის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. ახალი მენეჯმენტი, რომელიც მერიაზე იქნება დაქვემდებარებული, გადაწყვეტს რესურსების გამოყენების მიმართულებებს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ბულვარს 2012 წლის ნოემბრიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავდა. ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებისა და ახალი კონცეფციის გამო ბათუმელების ერთი ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავდა. საზოგადოება ბულვარის ძველი იერსახით შენარჩუნებას ითხოვდა, ახალი კონცეფციის სამუშაო ვერსიის მიხედვით კი, ბულვარის პერიმერტზე ახალი კაფე-ბარები და გასართობი ზონები უნდა მოწყობილიყო.