"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით მოლდოვა დაინტერესდა

სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას” მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით მოლდოვა დაინტერესდა.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” დელტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტექნიკური დეტალები ზუსტდება.

"გასული წლის შემოდგომაზე ჩამოსული იყო მოლდოვას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ადგილზე მოინახულა ცენტრი და კახეთში არსებული საცეცხლე წერტილები. მათი მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ცენტრმა და ახლო მომავალში დეტალების დასაზუსტებლად ათკაციანი სამუშაო ჯგუფი გაიგზავნება მოლდოვაში”, - აღნიშნა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა ინაშვილმა.

მისი თქმით, ზუსტი ვადები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა კონტრაქტის ღირებულება 10 მილიონ დოლარზე მეტით განისაზღვრება.

გიგა ინაშვილის განცხადებით, თანხის მოცულობა საცეცხლე წერტილებისა და რადარების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე