"აფბამ" მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი დაიწყო

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ" მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი დაიწყო. როგორც "აფბა"-ში აცხადებენ, ორგანიზაციამ შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი სახელად "ფანასკერტელის ინდექსი", რომელიც შესაძლებლობას იძლევა მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ფასებზე დაკვირვებით გავიგოთ, თუ როგორ იცვლება ფასები მედიკამენტების ბაზარზე.

"საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რამდენადაც მუდმივად ისმის უკმაყოფილება და კითხვები, მედიკამენტების ბაზრის სიძვირესთან დაკავშირებით. ამ ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად "აფბა"-ს ვრცელი კვლევა უკვე ჩატარებული აქვს, საიდანაც ძირითადი ტენდენციები, რაც ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია, გამოიკვეთა. პირველ რიგში, ეს არის ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ მოგების მაღალი მარჟით ოპერირება. ფაქტია, რომ ამ სფეროს დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მილიონ ნახევარს აჭარბებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა პრაქტიკულად ნახევრისთვის მედიკამენტებზე არსებული ფასები მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვფლობდეთ რეალურ ინფორმაციას, იზრდება თუ მცირდება ფასები ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და რა პროცესები და ფაქტორები იწვევს ამ ცვლილებებს. "ფანასკერტელის ინდექსი" სწორედ ამის საშუალებას იძლევა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"აფბა"-ს მიერ მიერ შესწავლის ფინალურ ფაზაშია ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი 200 დასახელების მედიკამენტი, რომლის საფუძველზეც დაიანგარიშება ინდექსი. ფასების დადგენა მოხდა სააფთიაქო ქსელებში ინკოგნიტოდ გამოკითხვისა და სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით.

ამასთან, "აფბა" თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს, რათა "ფანასკერტელის ინდექსზე" ორგანიზაციის მუშაობა იყოს სრულიად გამჭვირვალე და რეალური ვითარების ასახვაზე ორიენტირებული. ორგანიზაცია აცხადებს, რომ რამდენიმე კონკრეტული მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტების შემდეგ "ფანასკერტელის ინდექსის" ციფრობრივ და პროცენტულ გამოხატულებას უახლოეს მომავალში წარმოადგენს. "ფანასკერტელის ინდექსი" ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.