თბილისის გარშემო ფიჭვის კორომების ხმობასთან დაკავშირებულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, თბილისის შემოგარენში წიწვოვანი ნარგაობის ხმობის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეხვედრას სამსახურთან არსებული გარემოს დაცვის სპეციალისტებითა და მეტყევეებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დედაქალაქსა და მის შემოგარენში წიწვოვანი ხე-მცენარეების მასობრივი ხმობის შესაჩერებლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა დამსწრეებს ამ პრობლემის წინააღმდეგ სამსახურის მიერ შემუშავებული კომპლექსური სამუშაოების გეგმა გააცნო.

მისი თქმით, ტენდერი უკვე დასრულდა და სამსახური უახლოეს დღეებში ყველაზე საშიშ კერებში 15 750 დაავადებული ხე-მცენარის მოჭრის სამუშაოებს დაიწყებს, რაც მცენარეების მავნებელ დაავადებათა შემდგომ გავრცელებასა და ტყის საფარის ხმობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს.

"ქალაქის გარშემო შეინიშნება ფიჭვის კორომების ინტენსიური ხმობა, აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ დაგეგმა ჭრის ღონისძიებები დაავადებების კერებში. ხმობას კომპლექსური მიზეზები იწვევს, მათ შორისაა მავნებელი მწერი, რომელიც აჩქარებს ფიჭვოვანი ხეების ხმობას. მცენარეთა დაავადებების გაზაფხულზე გავრცელების საპრევენციოდ ზამთრის პერიოდში დაიგეგმა გამხმარი ხეების ჭრები კუს ტბისა და მთაწმინდის ფერდობებზე, სადაც მავნებელი ყველაზე მეტი რაოდენობით არის დაფიქსირებული. ღონისძიებების გეგმის მომზადების პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, რომელთა წარმომადგენლები დაგვეხმარებიან გამხმარი ხეების მონიშვნის სამუშაოების განხორციელებაში, დროული და ერთობლივი მოქმედებით შევძლებთ მცენარეული საფარის ხმობის პროცესის შეჩერებას" , - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ზეხმელი ხეებისგან გამონთავისუფლებული ადგილები რგვების შესაბამის სეზონზე კლიმატური ცვლილებებისა თუ ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული ჯიშის ხე-მცენარეებით განაშენიანდება.