ხვალ გაირკვევა, გაიზრდება თუ არა კვლავ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები

გაძვირდება თუ არა კიდევ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 16 დეკემბერს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8 %-მდე გაზარდა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე დადებითად უნდა აისახოს. მაშინ სებ-ში აღნიშნეს, რომ თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლარის კურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება არ გამორიცხა.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 16 დეკემბერის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2015 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს, შესაბამისად, სესხის პროცენტი სულ 8564 ადამიანს გაუძვირდა.