მამუკა ღლონტი - მქონდა შეთავაზება "მაესტროში" ჩემი წილი გამეყიდა, თუმცა ამაზე უარი ვთქვი

მქონდა შეთავაზება "მაესტროში" ჩემი წილი გამეყიდა, თუმცა ამაზე უარი ვთქვი, - ამის შესახებ "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ, მამუკა ღლონტმა განაცხადა. რაც შეეხება ტელეკომპანიის დირექტორის, ბაია გადაბაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას და იმას, რომ არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა, ღლონტის თქმით, ამ საკითხებში პრინციპულად არ ერევა.

"მაესტროს" საქმიანობაში მხოლოდ იმდენად ჩავერევი, რამდენის უფლებასაც კანონმდებლობა მომცემს ჩემი წილის კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ იმდენად მცირე წილი მაქვს, რომ გადაწყვეტილებებს ვერ შევცვლი. ესეც იმ შემთხვევაში, თუ დავრჩი "მაესტროს" მფლობელებს შორის და თუ არ დავრჩი, მით უმეტეს აღარ მაინტერესებს რა მოხდება", - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობა დატოვა.