საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის მოძრაობის რეჟიმია დაწესებული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: თოვლის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ173 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია. კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 5-ე კმ-ში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94-კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.