ადვოკატი - "მაესტროს" შენობა და ტექნიკის 99 % მაკა ასათიანის საკუთრებაა

ტელეკომპანია "მაესტროს" შენობა და ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა, - ამის შესახებ "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ გადაცემა "ფაქტორში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ მაკა ასათიანს არ ექნება ნება, სამართლებრივად შეუძლებელია, ის ვინმემ იძულებული გახადოს, მისი საკუთრება ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის გამოიყენოს.

"ძირითადი მატერიალური აქტივები, რითაც ტელეკომპანია მაუწყებლობს, არის მაკა ასათიანის და მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების საკუთრება.

თუ მაკა ასათიანის ნება არ იქნება, სამართლებრივად შეუძლებელია, რომ ვინმემ ის იძულებული გახადოს, მისი საკუთრება გამოიყენოს. ტელევიზიის ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრება", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მაკა ასათიანი "მაესტროსთან" მიმართებაში არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ტელევიზიას და ჟურნალისტებს.

"ჩვენ შევეცდებით გამოვნახოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ტელევიზიას საფრთხეს არ შეუქმნის. გიორგი გაჩეჩილაძის მხარე ძალიან დემაგოგიურად და საეჭვოდ აფიქსირებს კოტე გოგელიას სახელს. მინდა განვაცხადო, რომ ყველა გადაწყვეტილებას ტელევიზიასთან დაკავშირებით იღებს პირადად მაკა ასათიანი. მას გააჩნდა და გააჩნია სრული მატერიალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ აქამდეც თვითონ უზრუნველეყო და მომავალშიც გააგრძელოს ტელეკომპანიის ხელშეწყობა. თუკი ბატონი კოტე რაიმე ფორმით სადმე გამოჩენილა, ასრულებდა მაკა ასათიანის თხოვნას," , - აღნიშნა ადვოკატმა.

ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს "სტუდია მაესტროს" წილების 55%-ს ფლობს.

რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5%-ის - ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი - მაკა ასათიანია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ტელეკომპანიის დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, "მაესტროს" მეწილეთა ახალი კონფიგურაციის პირობებში არხზე ვეღარ იმუშავებს.