კერძო ტაქსებს დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ ემუქრებათ

კერძო ტაქსებს დამატებითი შეზღუდვებისა და გადასახადების დაწესება არ ემუქრებათ.

ამის შესახებ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ტაქსის სერვისთან დაკავშირებით თბილისის მერია ტაქსების რეგისტრაციისა და აღრიცხვის შესახებ მუშაობს.

”რაც შეეხება ტაქსის სერვისს, ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ეს კარგად გვესმის. ძალიან ბევრი ადამიანი აქედან ეკონომიკურ შემოსავალს იღებს და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვიანობისა და რეგისტრაციის პროცედურას განვიხილავთ, რათა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიცოდეთ, რა მანქანა დადის, ვინ არის მანქანის მეპატრონე და ვინ არის მძღოლი”, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს პროცესი ტაქსის მომხმარებლებს მგზავრობას არ გაუძვირებს.

„იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ტაქსით მოძრაობს, ეს პროცესი არ გამოიწვევს დანახარჯის ზრდას. ეს გულისხმობს აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მგზავრის ინფორმირებას, თუ ვინ არის მძღოლი”, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.