საქართველოში 1,1 მილიონი ავტომობილი მოძრაობს

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. 2015 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 1,1 მლნ მანქანა იყო რეგისტრირებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ლამის ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს მანქანა ჰყავს.

სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.

2015 წელს 90 ათასი ავტმობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან 55 ათასი მარჯვენასაჭიანია. ზუსტად ამდენი იყო იმპორტი 2014 წელსაც, როდესაც მანქანების რაოდენობა 1 054 000 იყო.

4 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, მანქანების რეგისტრაციამ 8,2%-ით მოიმატა, 2013 წელს კი - 9,1%-ით.

განსაკუთრებით 2014 წლიდან მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. ამჟამად 400 000-მდეა იმ მანქანების რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელს აღემატება.

"ეს არის ის კატეგორია, რომელთაც ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. 400 000-ზე მეტია 10-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილიც. რაც შეეხება სრულიად ახალ ავტომობილებს (0-დან 3 წლამდე), მათი რიცხვი 50 ათასს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია", - განმარტავს დავით მესხიშვილი.

იგი ფიქრობს, რომ იმპორტის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს განბაჟების სისტემის შეცვლა.

"იმპორტის ზრდა კატასტროფულ მაჩვენებელს აღწევს, როდესაც სომხეთის მიმართულებით ექსპორტი არ ხორციელდება, ხოლო აზერბაიჯანში დაწესებული სტანდარტის გამო მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს. გამოდის, რომ შემოსული ავტომანქანების დიდზე დიდი უმეტესობა ქვეყანაშივე დარჩა. ცხადია, ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული.

"განბაჟების სისტემის შეცვლა სასურველ შედეგს მოგვცემს. მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა. განხორციელებული იმპორტის ნახევარზე მეტი მარჯვენასაჭიანებზე მოდის, მათი რაოდენობა 55 ათასს აღწევს. რამდენიმე თვეში სერიოზული კრიზისი დაიწყება, რადგან ავტომობილი გაძვირდება და მისი შეძენა აღარ იქნება ადვილი. ამით კი იაფი მანქანების ხანა დასრულდება", - განმარტავს მესხიშვილი.

მისი აზრით, საქართველოში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და პარალელურად ხალხის წახალისება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.

"ავტომანქანების ჭარბი რაოდენობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ დარგი არასწორი მიმართულებით ვითარდება. ავტომობილების უმეტესობა განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა მცირე შემოსავალი მიიღონ.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ევროპაში ამ მხრივ სერიოზული ღონისძიებები ტარდება. მაგალითად, ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად მიიღო ის, რომ ერთმა ავტობუსმა დაახლოებით 100 მანქანა გააჩერა", - აცხადებს მესხიშვილი.

დედაქალაქის საკრებულოს წევრის, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტის, შალვა ოგბაიძის ინიციატივაა ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილები დაიბეგროს ნახევარი საფასურით, ვიდრე დიზელის ან ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილები იბეგრება.

ოგბაიძე განმარტავს, რომ ჰიბრიდულძრავიანი მანქანების პოპულარიზაცია შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.

საკრებულოს დეპუტატი აბსოლუტურად იზიარებს მოსაზრებას, რომ გზებზე უსაფრთხოებისა და მოძრაობის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი. თუმცა დასძენს, რომ რეგულაცია დიდი სიფრთხილით უნდა გატარდეს.

"ეს საკმაოდ დილემური საკითხია, მით უმეტეს, თუ ის გაძვირებას უკავშირდება. მზა რეცეპტი იმპორტის შესამცირებლად, ამის გარდა, არ არსებობს. თავისუფალ ბაზარზე მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი. ცხადია, თუ არსებობს მოთხოვნა, იარსებებს მიწოდებაც. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არ დაირღვეს, უნდა მოქმედებდეს რეგულაცია.

მთავარი გამოწვევაა, როგორ უნდა დასრულდეს მართლაც უკვე ამორტიზებული, ძალიან ძველი ავტომანქანების იმპორტი საქართველოში. აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტთან დაკავშირებული შეზღუდვით, მართალია, ძველი მანქანების მყიდველი დაზარალდა, მაგრამ ნორმალური რესურსის მქონე ავტომობილის მყიდველი მოგებული დარჩა", - ამბობს ოგბაიძე.

განბაჟების ტარიფთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატიც ფიქრობს, რომ ძველი ავტომანქანების იმპორტის გადასახადი მოიმატებს. სამაგიეროდ, ახალი ავტომობილების იმპორტის შემთხვევაში, ტარიფი შეიძლება შემცირდეს.

"პროექტი ითვალისწინებს მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ძრავიანი ველოსიპედების იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან და მათი იმპორტის დაბეგვრას აქციზით, მათი წლოვანებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით.

ჩემი ინიციატივაა, საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ავტოპარკის განახლების სტრატეგია უნდა შეიქმნას, დღესდღეობით ეს არ არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ იაფი და ხარისხიანი ავტომობილების წარმოებაზეც, რომლის პოტენციალიც ქვეყანას რეალურად გააჩნია", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.

შეგახსენებთ, რომ განბაჟების გაძვირებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შსს-ს მიერ მომზადდა და იგი ამ ეტაპზეც განხილვის სტადიაშია. ამდენად, მოსალოდნელი ცვლილების განსახორციელებლად კონკრეტულ ვადაზე საუბარიც კი ჯერჯერობით ნაადრევია.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 9-10 წელზე მეტი ხნოვანების ავტომანქანის განბაჟების ტარიფი 25-30%-ით მოიმატებს. ცხადია, ამდენივეთი გაიზრდება ძველი მანქანების ფასიც. სამაგიეროდ, 3-დან 6 წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა.

სტატისტიკის მიხედვით, სწორედ შედარებით მოძველებული ავტომობილები იკავებენ პირველად რეგისტრაციაში წამყვან ადგილს. ლიდერობს 2003 წელს გამოშვებული "მერსედეს-ბენცის" მარკის ავტომობილები, ასევე 2002 წელს გამოშვებული "ჰონდას" მარკის მანქანები.

საქართველოში რეგისტრიერბული 1,1 მილიონი მანქანის უმეტესი ნაწილი - 90% - 2004 წლამდეა წარმოებული.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"