მდინარე რიონზე "ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტი განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ" ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე,

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - ტვიში ჰესის და ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე განხორციელდება, რომელიც "ნამახვანი" და "ტვიში" ჰესებისაგან შედგება. მისი დადგმული სიმძლავრე 433 მვტ იქნება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 730 მილიონი დოლარია. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და მოსახლეობის დასაქმებას. ახალი ჰესებიდან დამატებით წარმოქმნილი 433 მვტ ელექტროენერგია მთლიანად დარჩება საქართველოში.

"ნამახვან ჰესების კასკადის" მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადების წაარდგენის საბოლოო ვადა 2016 წლის 7 აპრილია. პროექტის განხორციელების მოდელად შერჩეულია "მშენებლობა-ფლობა-ოპერირება." ინვესტორები შეირჩევიან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილებისა და ფინანსური რესურსის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი. გამარჯვებული კანდიდატი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება დოკუმენტის პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.