სასამართლომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი სულაკაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" სარჩელის განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი სულაკაძემ საბოლოო განჩინება წაიკითხა. განჩინების თანახმად, კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ფოთის საზღვაო ნავსადგურს კომპანია "ჯეესკოს" მიმართ ზარალის ანაზღაურებისათვის 27,850 მლნ ლარზე მეტი დაეკისრა, ხოლო "პრომეტკო ჯორჯიას" მიმართ 21,600 მილიონ ლარზე მეტი.

განჩინების თანახმად, გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში 14 დღეში უნდა გაასაჩივრონ.

პროცესის დასრულების შემდეგ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს კომპანია "ტრანსფორდის" ადვოკატი.

კომპანიის ადვოკატის გივი პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კომპანია "ტრანსფორდს" არ დააკისრა "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" ზიანის ანაზღაურება, ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან მოსამართლემ განიხილა საქმე, რომელიც ფოთის სასამართლოს უნდა განეხილა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვეკისრა, გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოსამართლემ ჩვენი კანონიერი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და უკანონო განჩინება გამოიტანა", - განაცხადა გივი პაპუაშვილმა.

"პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" ადვოკატის მამუკა ღვინიაშვილის განცხადებით კი, ისინი სარჩელით ზარალის 70 მილიონ ლარამდე თანხით ანაზღაურებას ითხოვდნენ. დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც 49 მილიონ ლარამდე ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, შედეგით კმაყოფილია, თუმცა გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ შესაძლოა სასამართლოს ეს განჩინება თანხის ნაწილში გაასაჩივრონ.

"სასამართლო განჩინების ჩაბარების შემდეგ, თუ დავინახეთ, რომ თანხების არასწორად გადანაწილება მოხდა, შესაძლოა, სასამართლო გადაწყვეტილება გავასაჩივროთ", - განაცხადა მამუკა ღვინიაშვილმა.

სარჩელით კომპანიები: "ჯეესკო" და "პრომეტკო ჯორჯია" იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც კომპანიებს 2010 წელს ს.ს. "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ 25 წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მიადგათ. მოსარჩელე მხარე ორივე კომპანიისთვის 70 მლნ ლარამდე თანხას ითხოვდა.

ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ კომპანიებს საიჯარო ხელშეკრულება მაშინდელი ხელისუფლების მიერ ვანო ჩხარტიშვილის პოლიტიკურად დევნის გამო შეუწყვიტეს.

მოპასუხე მხარეს "ფოთის საზღვაო ნავსადგური", კომპანია "ტრანსფორდი" და "რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო" წარმოადგენდა. მოპასუხე მხარის ადვოკატები პროცესებზე აცხადებდნენ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში გამართული სასამართლო პროცესი წააგო, რომელიც "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" ჩხარტიშვილისადმი კუთვნილების საკითხს განიხილავდა. შესაბამისად, ადვოკატების განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილს არ გააჩნია არანაირი საფუძველი, იყოს ამ კომპანიების ბენეფიციარი.

პროცესებზე მოპასუხე მხარემ ასევე მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხიც დააყენა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნომერი მინიჭებული არ ქონდა და იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს უნდა განეხილა.