ქვესადგურის "ხორგა" მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ქვესადგურის "ხორგა" მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" აცხადებენ, ეს იქნება მდგრადი, ტექნიკურად დახვეწილი და ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც სამომავლოდ ფოთის ინდუსტრიული ზონის ელექტროენერგიით მომარაგებას განახორციელებს და ელექტროენერგიის დივერსიფიცირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება პოტენციურ საექსპორტო ბაზართან დაკავშირება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე ხორგის ქვესადგურში დასასრულს უახლოვდება პირველადი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები. თებერვალში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ექსპლუატაციის და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის ჯგუფების მიერ "პალიასტომი-2"-ის ხორგას ქვესადგურში შეჭრის სამუშაოები დასრულდება.

"პარალელურ რეჟიმში განხორციელდება ელექტროგადამცემი ხაზების: "ხორგა-1,2" და "ფოთი-1,2" შესვლა ქვესადგურში "ხორგა". ელექტროგადამცემ ხაზზე შეიცვლება ოპტიკის ნაწილიც. სამუშაოების დასრულება თებერვლის ბოლომდეა დაგეგმილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ქვესადგურის მშენებლობას კონტრაქტორი კომპანია Siemens Austria ახორციელებს. პროექტი სრულად 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.