რუსეთსა და ეგვიპტეს შორის შესაძლოა ავიარეისები აღდგეს

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ეგვიპტეს შორის კომერციული ავიარეისები ივნისის ბოლომდე აღდგება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. მუჰამედ ჰოსამ კამალის განცხადებით, მოსკოვთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და რუსული მხარე ავიარეისების განახლების მზადყოფნას გამოთქვამს.

რუსეთსა და ეგვიპტეს შორის საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის ოქტომბერში სინაის ნახევარკუნძულზე რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 217 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო. რუსი გამომძიებლების ცნობით, მომხდარი ტერორისტული აქტი იყო. თუმცა, ეგვიპტური მხარე ჯერ ოფიციალურად არ აცხადებს, რომ თვითმფრინავი ტერორისტებმა ჩამოაგდეს.