თბილისის მერიიის ინფორმაციით, სოფელ დიღომში ელექტროქსელების ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

სოფელ დიღომში ელექტროქსელების ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ. მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის შემოერთებული ტერიტორიების ენერგოპროვაიდერმა კომპანია სს "ენერგოპრო ჯორჯიამ" თბილისის ამ ნაწილში ელექტროქსელებზე მასშტაბური ტექნიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგადაც აბონენტთა ელექტრომომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ ვითარებაზე ადგილობრივებს სოფელ დიღმის საინიციატივო ჯგუფისა და საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის ტრადიციულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა ლევან გველესიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, გეგმური სამუშაოების პარალელურად, სარეაბილიტაციო-ტექნიკური ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა ასევე იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კომპანიამ საინიციატივო ჯგუფის წინა შეხვედრებზე მიიღო.

კომპანია "ენერგოპროს" ინფორმაციით, სოფელ დიღომში 2015 წლის ნოემბრიდან კომპანიამ დაიწყო ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება. 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ, ქვესადგურ "დიღომი 1"-დან სოფელი დიღმის ეკლესიამდე გაუქმდა 17 საყრდენზე გამავალ საჰაერო ელექტრო გადამცემ ხაზზე არსებული მეორე ჯაჭვი, განხორციელდა მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ხე-მცენარეების გაჩეხვა, სოფელი დიღმის ცენტრში, მოსახლეობის მიერ დაზიანებული კარადები შეიცვალა 25 ახალი ორ და სამ მრიცხველიანი კარადებით.

გარდა ამისა, გარემონტდა და დაიკეტა 200 დაზიანებული 1-2-3 მრიცხველიანი კარადა და 9 მრავალმრიცხველიანი კარადა.

"კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა 138 საყრდენზე დამონტაჟებული ვაკუუმური ამომრთველის დემონტაჟი განახორციელა; რომელიც აგრეთვე შეკეთდა და გადმოტანილ იქნა სოფელ დიღმის ბოლოს 90 საყრდენზე. ამასთანავე, 95 საყრდენზე დამონტაჟდა ახალი სახაზო გამთიშველი, რამაც გაზარდა გადამცემი ხაზის საიმედოობა და შეამცირა ფიდერის ავარიული გათიშვები. პარალელურად, მოხდა სატრანსფორმატორო პუნქტი №601-750-ს დემონტაჟი და მისი გადატანა 131/31/1/9 საყრდენზე, რის შემდგომაც ასევე გაუქმდა ფიდერზე ყველაზე ავარიული მონაკვეთი - ტრანსფორმატორის მკვებავი ხაზი, რომელიც გადადიოდა ხევზე (100-130 მეტრიანი მონაკვეთი)", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სოფელ დიდგორს, მერიის ინფორმაციით, დიდგორის მიმართულებაზე არსებულ 6 კვ-ის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების საყრდენებს შუალედურად დაემატა 26 რკინა-ბეტონის დგარი, რითაც საგრძნობლად გაიზარდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების გარდა, ასევე დაგეგმილია დამატებით 10 მაღალი ძაბვის საყრდენის დამატება.

"განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 2016 წლის იანვრში ფიდერები ავარიულად არ გამორთულა. მიუხედავად ამისა, შეიქმნა სამორიგეო ბრიგადები დაზიანების შემთხვევაში უფრო ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისთვის. ამასთან, დიღმის უბნის ოფისი დიღმის მასივიდან გადმოტანილ იქნა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მირიანის ქ. 56-ში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" 2016 წელს განაგრძობს სოფელ დიღომში ქსელის რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შემდეგი სამუშაოების განხორციელება: მოხდება 6/0,4 კვ ქსელის სრული რეაბილიტაცია; დაგეგმილია ქვესადგურ დიღომი 2-დან ახალი საფიდერო საკაბელო, ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2016 წელს (ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები); გარდა ამისა, 29 იანვარს სოფელ დიღმის ცენტრში ამორტიზებული ტრანსფორმატორი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალი 630კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი დაიდგა.

"რაც შეეხება სოფელ ძველ ვეძისს, აღნიშნულ მიმართულებაზე უნდა დამონტაჟდეს სახაზო გამთიშველი. მომსახურების ცენტრს უკვე მიღებული აქვს პროექტი და სამუშაოების შესრულება უახლოეს პერიოდში დაიგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.