"ზუგდიდის ავტოსადგურმა" კომპანია "მეტრო +"-ს იჯარის ხელშეკრულება შეუწყვიტა

შპს "ზუგდიდის ავტოსადგურმა" კომპანია "მეტრო +"-ს იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის ავტოსადგურთან შეკრებილ მძღოლებს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ გააცნო. ამასთან, შპს "ავტოსადგურის" ადვოკატის, ჯიტა გულუას განცხადებით, ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივად გაუმართავი იყო.

"როგორც ჩანს, ეს გააცნობიერა "ავტოსადგურის" ხელმძღვანელობამ და მოხდა "მეტრო +"-სთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეჩერება", - განაცხადა გულუამ.

5 თებერვალს "ავტოსადგურის" სამეთვალყურეო საბჭო სხდომას გამართავს, რომელზეც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ "მეტრო +"-ს ეცნობება. როგორც ცნობილია, ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია "მეტრო +"-ს ზუგდიდის ბაზრიდან გასვლის მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში აქციას მართავენ.