სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ვებგვერდი აქვს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი ოფიციალური ვებგვერდი ამოქმედდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ვებგვერდი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტებისა და ტენდენციების (HTML5, CSS 3 ტექნოლოგია, W3C სტანდარტები) შესაბამისად შეიქმნა. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტ ტრაფიკის მაქსიმალური დაზოგვის გათვალისწინებითაა დაწერილი, რაც მომხმარებელს ხელს უწყობს უფრო სწრაფად და ხარისხიანად იმუშაოს ვებგვერდზე. მათივე ინფორმაციით, დიზაინში გათვალისწინებულია თანამედროვე მოწყობილობების მრავალფეროვნება, რაც გულისხმობს ვებგვერდის შეუფერხებელ მუშაობას ყველა ტიპის სმარტფონზე, პლანშეტზე, ტელევიზორზე, პერსონალურ კომპიუტერზე. ვებგვერდზე მხარდაჭერილია თანამედროვე ინტერნეტ ბროუზერების უახლესი ვერსიები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ ვებგვერდზე შესაძლებელია, ყველა დაინტერესებულმა პირმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის, მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ვებგვერდზე განთავსებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშები; ასევე, ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამოცანების შესახებ. გარდა ამისა, "საჯარო ინფორმაციის ელექტონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველა შესაბამისი ინფორმაცია და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.