მარიამ ვალიშვილი - "ფრონტერასგან" ველოდებით სამუშაო გეგმას, რათა რეალურად დადასტურდეს კახეთში ბუნებრივი აირის რესურსები

"ფრონტერასგან" ველოდებით კონკრეტულ ხედვას, თუ რა სამუშაო გეგმა იქნება შემუშავებული, რათა ჯერ რეალურად დადასტურდეს კახეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის რესურსები , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა კომპანია "Frontera Resources"-ის იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უკვე სამი წელია კომპანია "ფრონტერას" მიერ განცხადებები კეთდება, თავდაპირველად საუბარი იყო 42 მილიარდ კუბურ მეტრ მარაგზე, შემდეგ 1 ტრილიონზე და ახლა უკვე 3.8 ტრილიონ კუბურ მეტრზე.

"თავის დროზე "ფრონტერამ" დაუკვეთა გარკვეული მარაგების პოტენციალის შეფასების ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს იმ რესურსებს, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული როგორც მოპოვებადი რესურსი. ეს რესურსები მთელ მსოფლიოში არსებობს, უბრალოდ რა მოცულობით, კომერციულად რამდენად მისაღებია ამის მოპოვება - ამისთვის "ფრონტერას" მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, როგორც ამ ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით ექსკლუზიური ლიცენზიის მქონეს. საუბარია კახეთის ტერიტორიაზე. ჩვენ "ფრონტერასგან" ველოდებით კონკრეტულ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საინვესტიციო სამუშაო გეგმა იქნება შემუშავებული, რომ რეალურად ჯერ დადასტურდეს ეს რესურსები. სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი და მოცულობითი კვლევა იქნება ჩასატარებელი - რამდენად კომერციულია ამ რესურსების მოპოვების დაწყება. რამდენად იქნება ეს მიზანშეწონილი ინვესტიციების განხორციელების კუთხით", - განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, "ფრონტერა" საქართველოს ბაზარზე 20 წელია არსებობს და მუდმივად ახორციელებდა გარკვეულ კვლევა-ძიების სამუშაოებს.

"მას კომერციული მოპოვება ე.წ. აღმოჩენა არ დაუფიქსირებია, რასაც მას არსებული ხელშეკრულება და მარეგულირებელი წესები ავალდებულებს. ვიმედოვნებთ, რომ "ფრონტერა" თავის სამუშაო გეგმაში ასახავს იმ საინვესტიციო ღონისძიებებს და შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც ამ კომპანიამ უნდა განახორციელოს, პირველ რიგში, ამ რესურსის დადასტურებისა და შემდეგ უკვე კომერციული მოპოვების დაწყების თვალსაზრისით", - განაცხადა ვალიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, "ფრონტერა" იმ სალიცენზიო არეალში არის ლიცენზიის ექსკლუზიური მფლობელი და მხოლოდ მას შეუძლია ამ ტიპის სამუშაოების წარმოება. ვალიშვილის შეფასებით, ეს არის საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაო.

"პირველადი ინფორმაცია გაჟღერდა გარკვეული შესწავლისა და წინასწარი ანალიზის საფუძველზე, რომელიც "ფრონტერამ" დაუკვეთა და უკვე 3 წელია მიდის ამაზე საუბრები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ "ფრონტერა" დღეს არის გაზის მომპოვებელი თავის სალიცენზიო ტერიტორიაზე, თუმცა ძალიან მცირე მოცულობების, დაახლოებით, 20-25 მილიონი კუბური მეტრი, ეს რომ წარმოვიდგინოთ, არის ზამთარში საქართველოს 2 დღის მოხმარება. მაგრამ სამუშაო პროგრამა, რომელიც მან ყოვეწლიურად უნდა წარმოდგინოს, ჯერჯერობით არ ითვალისწინებს უფრო მასშტაბური ტიპის სამუშაოების განხორციელებას სწორედ ამ ინფორმაციის დადასტურებისა და გამყარების თვალსაზრისით. ველოდებით, რომ "ფრონტერასგან" იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა და განახორციელებს შემდეგ ნაბიჯებს იმისთვის, რომ რეალური გახადოს ის მოსაზრებები, ის პერსპექტივები, რომელიც გაჟღერებული იქნა მასმედიის საშუალებით", - განაცხადა ვალიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს ძალიან წინასწარი კვლევებია.

"დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელი იქნება ძალიან დიდი საინვესტიციო თანხების მობილიზაცია იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე გადავიდეს ეს ინიციატივები, რომლებიც გაჟღერებული იქნა", - განაცხადა ვალიშვილმა.

ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას ეყრდნობა.