მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის 14 მლნ დოლარის გრანტი გამოიყოფა

საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გამოიყოფა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი" გიორგი მაჩაბელი მონაწილეობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროექტი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს" მიერ "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით" ხორციელდება.

სამინისტროს განცხადებით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მიიღონ მონაწილეობა. შედეგად, მასწავლებლები შეძლებენ, საჭირო კრედიტები დააგროვონ და მომდევნო საფეხურზე წაიწიონ, რაც მათ ხელფასზე აისახება.

"მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია: მე-7- მე-12 კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინგლისურ ენაში, გეოგრაფიასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; და სკოლის მართვის გაუმჯობესება.

დასახული მიზნების მისაღწევად ზემოაღნიშნულ საგნებში 20 000-მდე მასწავლებელი გადამზადდება. ასევე, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2 000-ზე მეტი ფასილიტატორი. პროექტის ფარგლებში, გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი" განახორციელებს.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას შეუწყობს ხელს. პროექტი 2016 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.