გიორგი მარგველაშვილი - სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, როგორც ჩინეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, რაც მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის გააქტიურებას საჭიროებს.

"აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. კერძოდ, უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები. ჩვენი ქვეყნის ულევი რესურსი ჩვენს უნიკალურ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ პოტენციალშია. ტრანზიტული, ენერგეტიკული, ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მოვიცლით", - განაცხადა პრეზიდენტმა.