გიორგი მარგველაშვილი - 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ის გამოწვევები ჩამოთვალა, რომლებთანაც საქართველოს მთელი წლის განმავლობაში უწევდა გამკლავება.

"2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე, დოლარის გამყარება, ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები - ეს არის ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებთანაც მსოფლიოს, ჩვენი რეგიონის და რა თქმა უნდა, მასთან ერთად საქართველოს ეკონომიკას უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, არც 2016 წელი იქნება მარტივი გლობალურად, განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის.

"შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები ნიშნავს უკან დახევას. როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - "აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე". ამიტომ, ზემოთაღწერილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებით პრობლემატურია პროცესების ტემპი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.