გიორგი მარგველაშვილი - საჭიროა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. ამის შესახებ მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის როლი. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ. ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით", - განაცხადა მარგველაშვილმა.