ქუთაისის აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ. სამინისტროს განცხადებით, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" ქუთაისი-კიევის მიმართულებით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, ხოლო 4 ივნისიდან ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

"ასევე "ურალის ავიახაზები" 24 თებერვლიდან მეორე, ხოლო 1-ელი აგვისტოდან მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ამატებს. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო 1-ელი აგვისტოდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას 07:15 საათზე, ხოლო "ურალის ავიახაზები" - ყოველ შაბათს, 21:00 საათზე", - აცხადებენ სამინისტროში.