საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე განხილვა იწყება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის შესახებ "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" 39 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელზე არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლის შემადგენლობით საქმის განხილვას დღეს, 11:00 საათზე დაიწყებს.

ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო" შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. საფინანსო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელე დეპუტატების სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, დააკამყოფილა მათი მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე. პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მოსარჩელეები ასევე, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, პარლამენტის მიერ კანონში განხორციელებულ კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს. მოსარჩელეები ამბობენ, რომ ცვლილება პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას კონსტიტუცია აუცილებლობად მიიჩნევს.

პარლამენტის 39 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 22 სექტემბერს შეიტანა.