სასწავლო პროცესი კვლავ ხუთ სკოლაშია შეჩერებული

პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი კვლავ ხუთ სკოლაშია შეჩერებული. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყვეტილია დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში. ამ დროის მონაცემებით, ვითარება უცვლელია და ჯერჯერობით, აღნიშნულ ჩამონათვალს სხვა სკოლები არ დამატებია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

"2 და 3 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.

მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი, პოსტ გრიპულ პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

(სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge)", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განმარტებით, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ განხორციელდება.

"სამინისტრო სკოლებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ ისევ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა დაავადების შემცირების აუცილებელი პირობაა", - აღნიშნავენ უწყებაში.