„საზოგადოება და ბანკები“: საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 17 113 სესხია გაცემული

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 17 113 სესხია გაცემული.

ორგანიზაციის ცნობით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი ამ თვეში არ გაეზარდათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 8%-ზე დატოვა. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 978.7 მლნ ლარის სესხია გაცემული.

„სესხების შემცირების ფონზე, გაზრდილია მთლიანი პორტფელი - 970.6 მილიონი ლარიდან, 978.7 მილიონამდე. 17 113 ხელშეკრულებიდან 6307 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 67.1 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრისთვის 16.8% შეადგინა“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 5636 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.9%-ში. მთლიანი პორტფელი კი 270.8 მილიონი ლარია.

„2 392 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 614,49 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 150.2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.3%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 464.3 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.6%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 29 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 971,86 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.56%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2749 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 25.4 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17.1%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა“, - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში.